საკანონმდებლო ორგანოში მარიხუანას შესაძლო ლეგალიზაციას უარყოფენ. როგორც პარლკამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, აღნიშნული შესახებ საკანონმდებლო ორგანოში საუბარი არ არის. გიგი წერეთელი ამბობს, რომ "არავითარი მსგავსი გეგმა არ არსებობს".
"ლეგალიზაციასთან დაკავშირებით სერიოზული დისკუსია არ მიმდინარეობს. ჩვენ ზოგადად ვმუშაობთ ნარკოპოლიტიკის შემუშავებაზე, რაც იქნება ეფექტურად მორგებული რეალობას და საერთაშორისო სტანდარტებს", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" წერეთელმა.
წერეთელი აცხადებს, რომ საუბარია საკანონმდებლო დონეზე მხოლოდ სისტემურ ცვლილებებზე.
"აღნიშნული გულისხმობს კონსულტაციების, რეაბილიტაციის, მკურნალობის ზომების გაძლიერებას და ამის შემდეგ დეკრიმილაციის ნაბიჯების გადაგმას, რაც თავისთავად არ ნიშნავს ლეგალიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. სამომავლოდ შესაძლებელია საუბარი იყოს არა სისხლისსამართლის პასუხისმგებლობაზე, არამედ ადმინისტრიაციულ ჯარიმაზე. თუმც ამაზეც კი დისკუსიის დონეზე ვართ", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ტურისტულ ზონებში მარიხუანას ლეგალიზებას გეგმავს. აღნიშნული ინიციატივის მხარდამჟერად ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე დასახელდა.