ნატოს საჰაერო ძალებმა ავღანეთში პოლიციის საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაბომბეს, რის შედეგადაც ოთხი პოლიციელი დაიღუპა.
აღმოსავლეთში მდებარე ნურისტანის პროვინციის გუბერნატორის, ჯამალუდინ ბადრის თქმით, ვამის რაიონში მდებარე პოსტი წუხელ დაიბომბა. დაღუპულთა გარდა დაჭრილია ორი პოლიციელი.
გუბერნატორის განცხადებით, იერიშის მიზეზი იყო არასწორი სადაზვერვო ინფორმაცია და პოსტი დაიბომბა მიუხედავად იმისა, რომ ობიექტზე აღმართული იყო ავღანეთის დროშა და იქ მყოფ პირებს პოლიციის უნიფორმა ეცვათ.
ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების (აისაფის) პრესმდივნის განცხადებით, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.