ჟურნალი „Forbes" საქართველოში განხორციელებული ტერაქტების უკან რუსული კვალის არსებობას სკეპტიციზმით უყურებს და აღნიშნულის თაობაზე Washington Times-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორს აკრიტიკებს.
„მოდით, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ამ Washington Times-ში დაბეჭდილ სტატიაში მოყვანილი თითოეული განცხადება მართალია. ვივარაუდოთ, რომ რუსები იმდენად ბრიყვები, თვითდაჯერებულები და წინდაუხედავები აღმოჩდნენ, რომ თბილისში ამერიკის საელჩოსთან ბომბის აფეთქების იდეა მოეწონათ. (და დროებით ნუ ვისაუბრებთ ბოროტ აგენტებზე, რომლებიც კრემლს არ ემორჩილებიან). ისიც ვივარაუდოდ, რომ ქართული და ამერიკული სპეცსამსახურები უმაღლესი პროფესიონალიზმის ეტალონებია, არასდროს შეცდომას არ უშვებენ და არასდროს აყალბებენ სამხილებს. ვივარაუდოდ, რომ ამ ოპერაციის ბრძანება პირადად ვლადიმერ პუტინმა გასცა, ხოლო თავად მანიაკივით ხარობდა და ოთახის დეკორატიული ძაღლივით აბაკუნებდა ფეხებს. წარმოვიდგინოთ ისიც, რომ მხოლოდ მსახიობ კიფერ საზარლენდის თბილისში ყოფნამ შეუშალა ხელი სპეცრაზმს შტურმით აეღო საელჩოს შენობა და ცოცხლად დაეწვა მისი ბინადარნი. და ამ ისტორიის ყველა დეტალში რუსებზე მხოლოდ ცუდი ვიფიქროთ. ჩემი შეკითხვა შემდეგია: ვინ უზრუნველყო ინფორმაციის გაჟონვა და რატომ არ აღძრეს ამ ადამიანების მიმართ სისხლის სამართლის საქმე? ვინ არიან ეს „ჩინოვნიკები" და რატომ აწვდიან ისინი ასე უზრუნველად „გრიფით საიდუმლო ანგარიშის" დეტალებს გაზეთის რეპორტიროს? რატომ არ დაიწყო ობამას ადმინისტრაციამ გამოძიება უსაფრთხოების რეჟიმის ასეთი უსინდისო დარღვევის ფაქტზე?", - წერს ჟურნალისტი მარკ ადომანისი.
ამასთან, მისივე აზრით, იმ კონტექსტში, როცა აშშ-ში ბევრი ღიად და მუდმივად მოითხოვს ჯულიან ასანჟისა და ბრედლი მენინგის გასამართლებას და დახვრეტასაც კი საიდუმლო ინფორმაციის მიღებისა და გავრცელებისთვის, ბოლო წლებში ობამას ადმინისტრაცია თავად სულ უფრო ღვარძლიანად და უკომპრომისოდ ნადირობს მამხილებლებზე, რომლებიც საიდუმლო ინფორმაციას გასცემენ და გაჟონვის ამ შემთხვევას თითქოს მისი განრისხება უნდა გამოეწვია, რადგან ეს საქმე უკიდურესად მნიშვნელოვანი და გამორჩეულად საიდუმლოა.
„ის რაც ლეიკმა გააკეთა ასანჟის ქმედებისგან მხოლოდ მასშტაბით განსხვავდება - სინამდვილეში პროცესი (ადამიანების ხელმისაწვდომობა იმ საიდუმლო ინფორმაციასთან, რომელიც მათი აზრით უკიდურესად მნიშვნელოვანია მიიღოს საზოგადოებამ იმ ჟურნალისტთან ერთად, რომელიც მას ავრცელებს) აბსოლუტურად არ განსხვავდება იმისგან, რაც Wikileaks-მა გააკეთა ყველა კონსტიტუციური და კანონიერი თვალსაზრისით... თუკი ვინმეს სარკაზმის დეტექტორი ღალატობს, ან თუკი ისინი ჩემს მიერ დაწერილს არასწორ ინტერპრეტაციას მისცემენ, პირდაპირ და ღიად გეტყვით: მე არ მოვითხოვ იმ ადამიანების დასჯას, რომლებმაც დოკუმენტიდან ამ ინფორმაციის გაჟონვა დაუშვეს, და ელი ლეიკს მოღალატედ არ ვრაცხავ. პირიქით. თუკი რუსეთის თბილისის აფეთქებებთან კავშირისადმი მიძღვნილი ანგარიში სიმართლეა (ხოლო დღეს ეს კიდევ უფრო რეალურია, რადგან ინფორმაციას ორი სხვადასხვა წყარო ადასტურებს და არამხოლოდ ქართველები) ამერიკელ ხალხს სრული უფლება აქვს იცოდეს ამის შესახებ", - ნათქვამია სტატიაში.