საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიამ საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული მეფე გიორგი მეორის (XI საუკუნე) შეწირულების წიგნის რესტავრაცია დაიწყო. ამ საბუთთან ერთად დაგეგმილია კიდევ 64 ძველი საბუთის რესტავრაცია, რომელიც 1020_1846 წლებს მოიცავს.
ძველ საბუთთა განყოფილების მიერ ამ ეტაპზე სარესტავრაციოდ შერჩეული საბუთები თავისი შინაარსით მრავალფეროვანი და საინტერესოა. დოკუმენტებს შორისაა: XI საუკუნეში მელქისედეკ კათალიკოსის მიერ შედგენილი შეწირულების დაწერილი, მიცემული მცხეთის სვეტიცხოველისათვის (გადაწერილია მე-17 საუკუნეში), გიორგი II-ის შეწირულების წიგნი შიომღვიმის მონასტრისათვის (1072 წელი), ასევე, ნაზარალიხანის, ერეკლე II-ის, იულონ ბატონიშვილის, დომენტი და ნიკოლოზ კათალიკოსების მიერ გაცემული სხვადასხვა წყალობის წიგნი და ბრძანება; აგრეთვე, მოხელეების ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი ნასყიდობის წიგნები.
`გიორგი II-ის შეწირულების წიგნი ჩვენს ფონდში დაცულ იმ საბუთთაგან, რომლითაც გარკვეული უფლებების მინიჭებას შეეხება, ყველაზე ადრეულია. რამდენიმე ათეული წლის წინათ დოკუმენტს რესტავრაცია ჩატარებული აქვს, თუმცა ამჯერად მისი აღდგენა გაუმჯობესებული მეთოდით მოხდება~, - განაცხადა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.