თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალადაშვილის სახელობის კლინიკის (ყოფილი მე-8 საავადმყოფოს) თანამშრომლებს დღეს პარლამენტის ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრები მაგდა ანიკაშვილი და გიორგი ახვლედიანი შეხვდნენ და საავადმყოფოში შექმნილი პრობლემებით დაინტერესდნენ.
როგორც კლინიკის თანამშრომლებმა განაცხადეს, 26 აგვისტოდან კლინიკა რემონტის მიზეზით წლინახევრით იხურება. ისინი ითხოვენ, კლინიკის შენობის რემონტი ისე განხორციელდეს, რომ საავადმყოფოს დახურვა საჭირო არ გახდეს.
როგორც შეხვედრაზე ქირურმა გიორგი ხუციშვილმა განაცხადა, ისინი არ შეურიგდებიან კლინიკის დახურვას, ბრძოლას გააგრძელებენ და დახმარების თხოვნით ხელისუფლებას მიმართავენ. მისივე თქმით, თავის დროზე ყოფილი მე-8 საავადმყოფო,"ბლოგ ჯორჯიას" გადაეცა. როდესაც ეს კომპანია სამედიცინო სფეროს ჩამოაშორეს, საავადმყოფო თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მფლობელობაში გადავიდა.
კლინიკის პერსონალს სოლიდარობას უცხადებენ "ქრისტიან-დემოკრატები" : "დაუშვებელია, რომ კლინიკამ შეწყვიტოს ფუნქციონირება. კოლექტივის მოთხოვნა აბსოლუტურად პრაგმატული და სამართლიანია, ამიტომ მოვუწოდებთ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტს კონტრაქტები გაუგრძელდეს კლინიკის ყველა თანამშრომელს" - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.