"თელასმა" განვლილი წლის შედეგები შეაჯამა. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა იური პიმონოვმა 108 წარმატებული თანამშრომელი ფულადი პრემიებითა და სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა.
2009 წელს კომპანია შეინარჩუნა დინამიკური განვითარების მაღალი ტემპი, რაც უპირველესად კომერციული და ტექნიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებაში გამოიხატა. გამანაწილებელი ქსელის ტექნიკური რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში კომპანიის საინვესტიციო ოდენობამ 22,2 მლნ ლარი შეადგინა. დაბალი ძაბვის ქსელის კაპიტალური რეაბილიტაციის მიზნით კომპანიამ თბილისსა და მის შემოგარენ სოფლებში დარჩენილი 2000 აბონენტისთვის აღრიცხვის კვანძების მოწესრიგების სამუშაო დაასრულა, რაც პარალელურად მოიცავდა 30 კმ სიგრძის 0,4-კილოვოლტიანი ძაბვის თანამედროვე მაღალეფექტური იზოლირებული ელექტროსადენების მონტაჟს (საინვესტიციო მოცულობა 2,087 მლნ ლარი). კომერციული დანაკარგების შემცირების მიზნით 7500 აბონენტზე სარდაფებში გამავალი ძალოვანი კაბელები მიწისქვეშა კომუნიკაციებში განთავსდა.
სატრანსფორმატორო მეურნეობის განახლების მიზნით კომპანიამ ნახევარი მილიონი ლარი გაიღო. 6-10-კილოვოლტიანი ძაბვის მაგისტრალური საკაბელო ხაზების რეაბილიტაციისთვის 3,880 მლნ ლარი გაიხარჯა, რომლის ფარგლებშიც თბილისის სხვადასხვა უბანში 43 კმ საერთო სიგრძის სადენი შეიცვალა.
გამანაწილებელ ქვესადგურებში ელექტროენერგიის კომერციული აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემის დაინერგვის პროექტის მორიგ ეტაპზე "თელასმა" 300 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა მაღალი ძაბვის ელექტრომეურნეობაში. 2009 წელს კომპანიამ 5 110-კილოვოლტიანი გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილიტაცია დაასრულა, რამაც კომპანიის მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა გაზარდა. 110 კილოვოლტის გამანაწილებელ კვანძებში ტექნიკური დანადგარების მოდერნიზების საპროექტო ღირებულებამ 3,600 მლნ ლარი შეადგინა, რის შედეგადაც ქსელში დაფიქსირებული ტექნიკური ინციდენტების რიცხვი კომპანიამ 11 თვის ანალოგიური მაჩვენებლების მიხედვით 2008 წელთან შედარებით 25%-ით შეამცირა.
კომპანიის კომერციული სამსახურების აქტიური მუშაობის შედეგად "თელასმა" მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტიც მიიღო. 2008 წლის მონაცემებთან შედარებით, კომპანიამ თბილისში დაფიქსირებული საერთო დანაკარგების 18.7%-იანი მაჩვენებელი (314 მლნ კვტ/სთ - 11 თვის მონაცემი) 15,9%-მდე (263 მლნ კვტ/სთ - 11 თვის მონაცემი) შეამცირა.
მნიშვნელოვანი ზრდაა დაფიქსირებული ფინანსური შემოსავლების კუთხითაც. 2008 წლის 11 თვის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 2009 წელს "თელასმა" 14,6 მლნ ლარით მეტი შემოსავალი მიიღო.
გამანაწილებელი ქსელის სრული მოდერნიზების მიზნით დასახული გეგმების შესაბამისად კომპანია მომავალ წელსაც გაარგძელებს მუშაობას. ტექნიკური რეაბილიტაციის პროექტის მორიგი ეტაპის განსახორციელებლად 2010 წელს "თელასი~ 25.6 მლნ ლარის ინვესტიციას გეგმავს, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება კომპანიის მომხმარებლების ელექტრომომარაგების საიმედოობასა და უსაფრთხოებაზე.