"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოსა და აშშ-ს ღირსეული შვილის გენერალ ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის გარდაცვალების გამო.
"გენერალი შალიკაშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არაერთხელ ეწვია ისტორიულ სამშობლოს და არ დაუშურებია ძალისხმევა და ხშირ შემთხვევაში საკუთარი ავტორიტეტი საქართველოსათვის სხვადასხვა ტიპის დახმარების გაწევისა. ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი გახლდათ უცხოეთში მოღვაწე სახელოვანი ქართველი სამხედროების საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელი, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თუ არ გიყვარს შენი ისტორიული სამშობლო, შენი ერი, ვერ შეიყვარებ და მით უმეტეს ვერ იბრძოლებ, ვერ გასწირავ სიცოცხლეს და ვერ დაიცავ შეძენილ სამშობლოს", - ნათქვამია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გენერალი შალიკაშვილი 1936 წელს პოლონეთში ქართველი ემიგრანტის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს შალიკაშვილების ოჯახი საცხოვრებლად ილინოისის შტატში გადავიდა, მომავალმა გენერალმა, საკმაოდ წარმატებული სამხედრო კარიერა 1958 დაიწყო. იგი 1993-1997 წლებში აშშ-ის უმაღლეს სამხედრო თანამდებობას - შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, სამხედრო სამსახურიდან წასვლის შემდეგ კი სტენფორდის უნივერსიტეტში ასწავლიდა.