ხვალ, 26 ივლისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" კონკურსის დასკვნითი ტური გაიმართება. კომპეტენტური ჟიური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო"-ს გენერალური დირექტორის ზაზა კიკვაძეს ხელმძღვანელობით, სამ გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს, რომლებსაც კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო" ფულად ჯილდოს გადასცემს. კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს.
I ადგილის მფლობელი გუნდი 2500 ლარით, მეორე ადგილზე გასული გუნდი - 1500, ხოლო მესამე ადგილოსანი გუნდი 1000 ლარით დაჯილდოვდება.
„მისია 2011" ფინალურ ტურში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული შვიდი გუნდი გავიდა. თითოეული გუნდი მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე, საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციას წარადგენს. საუკეთესო სამი პრეზენტაციის ავტორები კონკურსის გამარჯვებულები გახდებიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო"-ს ერთობლივ პროექტში „მისია 2011" მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50-მდე სტუდენტურმა გუნდმა მიიღო. კომპეტენტურმა ჟიურიმ პირველი ტურში 7 ფინალისტი გუნდი გამოავლინა, რომლებიც საუკეთესოს ტიტულისათვის იბრძვიან. პროექტის ფარგლებში მეორე ტურში გადასული ფინალისტი გუნდის წარმომადგენლები 7 ივნისს, ქალაქ ბორჯომში იმყოფებოდნენ, სადაც „ბორჯომის" ჩამომსხმელი ქარხნები დაათვალიერეს და მეორე ტურის დავალება მიიღეს.