ცნობილი იტალიელი არქიტექტორ-ფოტოგრაფი ჯუზეპპე დელლ'აკუილლა ხვალ, 26 ივლისს, 11:00 საათზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ქართველი ფოტოგრაფებისთვის საჯარო ლექციას გამართავს თემაზე - „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგადაღების თავისებურება"
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, საქართველოში სამუშაო მისიით - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლების გადასაღებად, ცნობილი იტალიელი არქიტექტორ-ფოტოგრაფი ჯუზეპპე დელ'აკვილლა იმყოფება.
ჯუზეპპე დელლ'აკუილლას ძირითადი პროფესიონალური ინტერესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების: არქიტექტურის, ფერწერისა და პლასტიკის ნიმუშების გადაღება. ის თანამშრომლობს მსოფლიოში ისეთ ცნობილ გამოცემებთან როგორიცაა: დომუსი, კაზა ვოგი, გრან ბაზარი, აბიტარე, ოფენ სფეისი და სხვა. ჯუზეპპე დელ'აკვილლა არის 60-მდე ალბომისა და პუბლიკაციის ავტორი მათ შორის: გეტსის ხელოვნების ცენტრის მიწვევით ბერძნული ბრინჯაოს ქანდაკებების სრული ფოტო-დოკუმენტირება „პაულ გეტსის" მუზეუმისათვის; ლუვრის მუზეუმის მიწვევით „მონა ლიზას" მხატვრული ფოტოგრაფირება; ფლორენციის სან-ლორენცოს ტაძრის სრული დოკუმენტირება; ვატიკანის მუზეუმის დაკვეთით ლაოკოონის ქანდაკების მხატვრული ფოტოგადაღება: ტურინში მადამას სასახლის რესტავრაციის პროცესის სრული ფოტოგრაფირება და მრავალი სხვა.
ჯუზეპპე დელ'აკუილა კითხულობს ფოტოხელოვნების ლექციებს ტურინისა და ბოლონიის კონსერვაციისა და რესტავრაციის უმაღლეს სკოლებში.
ვიზიტის ფარგლებში, ჯუზეპპე დელლ'აკუილლამ უკვე მოინახულა და ფოტოგადაღებები აწარმოა: მცხეთაში (ჯვარი, სვეტიცხოველი, სამთავრო, შიომღვიმე), ყინცვისში, უფლისციხესა და ატენში და ბაგრატის, გელათის, ვარძიისა და ანანურის სამონასტრო კომპლექსების უახლესი ფოტოები შექმნა.