„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოსლოსა და კუნძულ უტეიაზე განხორციელებული ტერაქტების შედეგად გარდაცვლილთა გამო და იმედს იტოვებს, რომ ის ოთხი ადამიანი, რომელიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ცოცხალია, მალე მოიძებნება და დაუბრუნდება საკუთარ ოჯახსა და ახლობლებს.
"ნორვეგიაში განსაკუთრებული სისასტიკით დაგეგმილი და განხორციელებული ტერაქტების სერიამ, რომელმაც 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ტერორიზმთან ბრძოლა, დღეს ერთ-ერთ უპირველეს პრიორიტეტად რჩება. ტერორიზმი - ეს არის თანამედროვე მსოფლიოს „შავი ჭირი", რომელიც სამწუხაროდ, ბოლო წლების მანძილზე სულ უფრო მეტ უდანაშაულო ადამიანს უსწრაფებს სიცოცხლეს. ნორვეგიაში მომხდარმა შემაძრწუნებელმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ტერორისტებს არა აქვთ ეროვნება, რომ ამ უბედურებისაგან არც ერთი ერი და რელიგიური კონფესია დაცული არ არის", - აღნიშნულია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.