საქართველო-პოლონეთის ბიზნესფორუმს გილაური და კომოროვსკი დაესწრებიან. ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, 27 ივლისს 15:00 საათზე სასტუმროში "თბილისი მარიოტი" საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართება საქართველო-პოლონეთის ბიზნეს-ფორუმი და ორმხრივი შეხვედრები. ფორუმს გახსნის საქართველოს პრემიერ მინისტრი ბატონი ნიკა გილაური და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონი ბრონისლავ კომოროვსკი. ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ და მოლაპარაკებები გამართონ პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან, შესაბამისი სექტორების მიხედვით.
შეგახსენებთ, რომ 26-27 ივლისს საქართველოს ეწვევა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონი ბრონისლავ კომოროვსკი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები. ოფიციალურ დელეგაციას თან ახლავს პოლონელ ბიზნესმენთა დელეგაცია. დელეგაციაში შემავალი ბიზნესმენები წარმოადგენენ კომპანიებს საფინანსო, სადაზღვევო, საკვები პროდუქტების და ენერგეტიკის სფეროებიდან. მათი მიზანია საქართველოში ბიზნეს პარტნიორების მოძიება და საქმიანი ურთიერთანამშრომლობის დამყარება.