საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯონ მალხაზ შალიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. "საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს შეერთებულ შტატებსა და გენერალ შალიკაშვილის ოჯახს. წარმოშობით ქართველი გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი იყო ჭეშმარიტი საახელმწიფო მოღვაწე და თვალსაჩინო სამხედრო ლიდერი, რომელიც დაუღალავად ემსახურებოდა არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებას, არამედ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ უცხადებს გულწრფელ თანაგრძნობასა და გულითად თანადგომას ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ოჯახს", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი 75 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა.
ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტს ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას, 1993-დან 1997 წლამდე ხელმძღვანელობდა.
წარმოშობით ქართველი ივანე შალიკაშვილი (ჯონ შალიკაშვილი) 1936 წელს პოლონეთში დაიბადა. მისი მშობლები, პოლკოვნიკი, გრაფი დიმიტრი შალიკაშვილი და გრაფინია მარია რიდიგერ-ბელიაევა იყვნენ. 1951 წელს ოჯახი აშშ-ში გაემგზავრა. ამ დროისთვის უმცროსი შალიკაშვილი ინგლისურ ენაზე თითქმის არ საუბრობდა. თუმცა, მოგვიანებთ ის გახდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის პირველი ხელმძღვანელი, რომელიც ამერიკაში არ დაბადებულა.
შალიკაშვილი მონაწილეობდა ვიეტნამის ომში, ხელმძღვანელობდა ნატოს ჯარებს ევროპაში. მისი გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვეს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ და პირველმა ლედიმ.