საჯარო რეესტრისთვის სსიპ-ად დარგისტრირებასთან დაკავშირებით ჯერ არც ერთ რელიგიურ გაერთინებას არ მიუმართავს
საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარგისტრირებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრისთვის ჯერ არც ერთ რელიგიურ გაერთინებას არ მიუმართავს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საჯარო რეესტრის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ამ დრომდე სსიპ-ად დარეგისტრირების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ შესულა.
როგორც ცნობილია, რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების შესახებ კანონი ძალაში 7 ივლისს შევიდა.
"სამოქალაქო კოდექსში" შეტანილი ცვლილების მიხედვით, რელიგიურ ჯგუფებს, რომლებსაც მჭიდრო ისტორიული კავშირები აქვთ საქართველოსთან ან კანონმდებლობით რელიგიებად არიან მიჩნეული ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში, უფლება აქვთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირდნენ. აღსანიშნავია, რომ რელიგიურ გაერთიანებსზე, რომლებიც სსიპ-ად დარეგისტრირდებიან საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონი არ გავრცელდება.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის პარლამენტში პირველ ივლისს შევიდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით იმავე დღეს დაამტკიცა. მეორე და მესამე მოსმენა კი 5 ივლისს გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქოს მის დროებით შეჩერებას ითხოვდა.