"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის აზრით, ფოტორეპორტიორების საქმის შემდეგ ხელისუფლებას ჟურნალისტებისთვის ჯაშუშის იარლიყის მიკერება გაუძნელდება.
"ხელისუფლებამ ბოლომდე ვერ შესძლო ამ აბსურდის თეატრის გაგრძელება და ეს თქვენი დამსახურებაა. თქვენ სპეცრაზმზე მეტი ძალა გაქვთ. თუ ერთად დადგებით და გაერთიანდებით, არ არსებობს ძალა, რომელიც მოგერევათ", - მიმართა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს მედიის წარმომადგენლებთან გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე.
მისივე აზრით, სწორედ ჟურნალისტთა ერთიანობამ მისცა ხელისუფლებას "რაღაც ტორმუზი" ფოტორეპორტიორების საქმესთან მიმართებაში და დაანახა, რომ "ყველაფერი არ გუავა".
"მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა პრეცენდენტი, როცა დაკავებულები ჯაშუშობაში დამნაშავედ გამოეცხადებინათ და სასამართლო დარბაზიდან გაეთავისუფლებინათ. არც საპროცესო შეთანხმების გაფორმება ხდება ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ადამიანებთან. ფოტორეპორტიორების საქმეს საერთაშორისო თვალსაზრისით უცხოეთის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვება. უცხოელები ხელისუფლებას მოსთხოვენ მათი დანაშაულის დამამტკიცებელ მტკიცებულებას, რაც მას არ გააჩნია", - განმარტა ბურჯანაძემ.