2011-2012 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 195 000 ლარის სახელმწიფო სასწავლო გრანტი გამოიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა.
ბრძანების თანახმად, 2011-2012 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, დიპლომიღებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსებისთვის 195 000 გამოიყოფა.
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2011-2012 სასწავლო წელს ჩარიცხულ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს - ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის 76 მოქალაქეს.
ასევე, დაფინანსება შეუძლიათ მოიპოვონ უცხო ქვეყნის იმ 10-მა მოქალაქემ, რომელთა წინაშე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით აღებული აქვს ვალდებულება და იმ ქვეყნის მოქალაქეებს, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ შესაბამისი ქვეყნის სახელმწიფო დაფინანსებით მიიღონ უმაღლესი განათლება;
ასევე დაფინანსება ასევე ეხება იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სწავლას ქართველოლოგიური მიმართულებებით ირჩევენ.