დღეს 13.30 საათზე თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატმა წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა გაბუნიამ პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზეც ქალაქის მერს სამარშრუტო ტაქსების გაზრდილ ტარიფთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყება შესთავაზა.
ზაზა გაბუნიას თქმით, ქრისტიან-დემოკრატებმა ნოემბრის თვეში ქალაქის მერისგან, გიგი უგულავასგან მიიღეს პირობა, რომ მომსახურების ტარიფი სამარშრუტო ტაქსებზე არ გაიზრდებოდა. თუმცა მერიის მიერ ჩატარებული ტენდერის საფუძველზე, ბაზარზე შემოსულმა მონოპოლისტმა კომპანიამ თვითნებურად და კერძო ბიზნეს-ინტერესების გათვალისწინებით გააძვირა მგზავრობა, რაზეც პასუხისმგებლობა სწორედ ქალაქის მერიას ეკისრება, რადგან მონოპოლისტის არსებობა სწორედ მერიის ინტერესებში შედის.
ზაზა გაბუნია: "ქრისტიან-დემოკრატები ქალაქის მერს ვთავაზობთ სამმხრივ კონსულტაციებს ჩვენი, მერიისა და კომპანიის მონაწილეობით, რათა შევჯერდეთ გამოსავალზე, იქნება ეს ტენდერის თავიდან ჩატარება თუ პირდაპირი გზით ტარიფის ძველ ნიშნულზე დაბრუნება, რაც მერის მხრიდან იქნება ერთის მხრივ ადექვატური ქმედება საკუთარი დაპირების შესაბამისად და მეორეს მხრივ ამით დაკმაყოფილდება ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სამართლიანი მოთხოვნა".
ზაზა გაბუნიას თქმით, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს მოქალაქეთა მიერ გუშინ და დღეს ტარიფის ძველ ნიშნულზე დაბრუნებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებს.