ბრიუსელის სასტუმრო "სანტ ნიკოლას" მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი ქვეყნების ნუსხაში შეტანას ქართული მხარე "გაუგებრობას" უწოდებს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულის თაობაზე უწყებას ინფორმაცია არ აქვს, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს უბრალოდ გაუგებრობაა.
"ამის თაობაზე ინფორმაცია დღეს, მედიის საშუალებით გავიგეთ. შესაბამისად, მას ვერც ვუარყოფთ და ვერც დავადასტურებთ, თუმცა ბელგიაში ჩვენი საელჩოს მეშვეობით აუცილებლად გადავამოწმებთ და დადასტურების შემთხვევაში საჭირო ზომებსაც მივიღებთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ უბრალოდ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე", - აღნიშნა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ონლაინდაჯავშნისას ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოსთან ერთად, მითითებულია აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც.