ოსლოსში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაკარგული ქართველი გოგონას სამძებრო სამუშაოებში ქართული მხარეც ჩაერთვება. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ამ მიზნით ნორვეგიაში დანიაში საქართველოს კონსულის, ნინო ქოჩორაშვილის მივლინებით გაგზავნა მოხდა.
"სპეციალური მისიითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური დავალებით, ნორვეგიაში მივლინებულია დანიაში საკონსულო ფუნქციის მატარებელი დიპლომატი, რომელიც სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვება. მივლინება გასტანს იქამდე, ვიდრე მომხდარის შესახებ სრული სურათი არ გახდება ცნობილი და დაკარგული ქართველის ადგილსამყოფელი არ დადგინდება", - განმარტა კალანდაძემ,
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებს, კალანდაძის თქმით, ტერაქტს შემთხვევით გადარჩენილი ნათია ჩხეტიანი კარგადაა და მისი სამშობლოში დაბრუნებაც შესაძლებელია, თუმცა ის ნორვეგიაში ამ დრომდე საკუთარი სურვილით რჩება.
"მეორე გოგონა, თამთა ლიპარტელიანი კი ჯერ კიდევ დაკარგულთა სიაში ირიცხება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ნინო კალანდაძემ ოსლოში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მომხდარმა კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა ტერორიზმის წინააღმდეგ იქნას მიმართული.
"ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოც აქტიურად მონაწილეობს და მზადაა, შეუერთდეს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ცივილიზებული სამყაროს მიერ მის წინააღმდეგ დაიგეგმება", - განაცხადა კალანდაძემ.