ფოტორეპორტიორთა საქმის საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების ნორმებს გაამკაცრებს. "გადაიხედება უსაფრთხოების ნორმები და მოხდება იმ ხარვეზების პოვნა, რის გამოც აღნიშნული მდგომარეობა შეიქმნა", - განუცხადა ჟურნალისტებს დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ფოტორეპორტიორთა საქმეს, შესაძლოა, გაგრძელება მოჰყვეს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ის თანამშრომელიც დააკავონ, რომელიც გია აბდალაძის მიერ ამოღებულ ინფორმაციებზე იყო პასუხისმგებელი, კალანდაძე აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები უწყების არც ერთი თანამშრომლის წინააღმდეგ აღარ მიმდინარეობს.
"არ ვადასტურებ ინფორმაციას, რომ კიდევ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი განიხილებოდეს. Aამ ეტაპზე სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება, თუმცა უსაფრთხოების ზომები გადაიხედება", - აღნიშნა კალანდაძემ.
რაც შეეხება იმას, რამდენად არსებობს გია აბდალაძის საგარეო უწყებაში ფოტორეპორტიორად დაბრუნების პერსპექტივა, მინისტრის მოადგილის თქმით, მსგავსი რამ არ შეიძლება მოხდეს, რადგან საქართველოს კანონმდებლობით, საჯარო სამსახურში მოსამსახურე პირი არ შეიძლება ნასამართლევი იყოს.