ოლიმპიური ჩემპიონები და საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულები 1-ელი აგვიტოდან ყოველთვიურად 1 000 ლარ სტიპენდიას მიიღებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აწერს.
დადგენილების თანახმად, სახელმწიფო სტიპენდიებს გარდა ოლიმპიური ჩემპიონებისა და საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულებისა, ასევე სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები მიიღებენ.
კერძოდ კი, 1-ელი აგვისტოდან სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებს დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია 400 ლარი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სახალხო არტისტებს ან სახალხო მხატვრებს იმავდროულად მინიჭებული აქვთ შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, ორივე წოდებისათვის მაინც პრემიის ოდენობა 400 ლარით განესაზღვრებათ.
ამასთან, მთავრობის დადგენილებაში ნათქვამია, რომ 2011 და შემდგომ წლებში ოლიმპიური ჩემპიონებისა და საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების სტიპენდიისათვის საჭირო საბიუჯეტო სახსრები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში უნდა გამიყოს, ხოლო სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისთვის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.