საქართველოს საპატრიარქო რელიგიის შესახებ კანონზე წმ. სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ბოლო დროს საზოგადოებაში ვრცელდება ხმები, თითქოს რელიგიის შესახებ ახლადმიღებულ კანონთან დაკავშირებით სინოდის წევრთა აზრი გაიყო და ამიტომ ეკლესიამ უკან დაიხია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით წმიდა სინოდმა ერთხმად დააფიქსირა თავისი უარყოფითი პოზიცია; ამასთან, ამ ეტაპზე აირჩია ის გზა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან დამცავი მექანიზმების შექმნას ითვალისწინებს და თავისი გადაწყვეტილებები სინოდის განჩინებაში დააფიქსირა; ესეც მღვდელმთავართა საერთო შეთანხმების შედეგი იყო. კენჭისყრის შესახებ გავრცელებული ხმები კი სხვა თემას უკავშირდება. ეკლესია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არსებულ ვითარებაში ჩვენი მორწმუნეების, ჩვენი ერის სამართლიანი უფლებები დაიცვას. ჯერი ახლა ხელისუფლებაზეა", - ნათქვამია განცხადებაში.
მასში ასევე ნათქვამია, რომ წმინდა სინოდის მიმართვიდან გამომდინარე, ეკლესია ქმედით დადებით ნაბიჯებს ელოდება.
"ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირველი მოსამზადებელი შეხვედრა უკვე შედგა. ვიმედოვნებთ, მომდევნო შეხვედრებიც მალე შედგება და შედეგიანი იქნება. ჩვენის მხრივ, საზოგადოებას დროულად ჩავაყენებთ საქმის კურსში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით; ასე რომ, ჩვენი ეკლესიის პოზიციების დაცვა გრძელდება და ამას ყოველთვის გავაკეთებთ; ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა არის სხვა რელიგიის წარმომადგენელთა უფლებების დაცვაც, რასაც ყოველთვის მხარს ვუჭერდით და პოზიციას ამის შესახებ მუდამ ვაფიქსირებდით, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის უდიდესი უმრავლესობის - მართლმადიდებელი ქრისტიანების სამართლიანი მოთხოვნების დისკრიმინაციის ხარჯზე", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.