"ბათუმის პოლიტიკური თამაშების" გამარჯვებული "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთა გახდა. მონაწილეთა დაჯილდოება ბათუმში, სასტუმრო "ერა პალასში" გუშინ გაიმართა. გამარჯვებულებმა ფინალში "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დაამარცხეს.
"უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს. ეს არის სოლიდური პროექტი და მასში გამარჯვება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ფინალში ჩვენი კონკურენტი ძალიან ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ ჩვენი გუნდი უფრო მობილიზებული აღმოჩნდა. შემდეგ პროექტებშიც ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას. პარტიის სიძლიერისთვის აუცილებელია ახალგაზრდული ფრთის სიძლიერე და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არაერთხელ მოგვიპოვებია გამარჯვება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" "ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა სულხან ღლონტმა.
დაჯილდოების ცერემონიალს "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" და USAID -ის წარმომადგენლები, ასევე, პროექტში ჩართული პოლიტიკური პარტიების ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტში მონაწილეობდნენ "ეროვნული ფორუმის", "თავისუფალი-დემოკრატების", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის", "ჩვენ თვითონის", "ახალი მემარჯვენეების", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "ლეიბორისტული პარტიის" რეგიონული ორგანიზაციების ახალგაზრდული ფრთისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები.
"პოლიტიკური თამაშები" "ახალგაზრდული ფორუმისა" და ,,საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ერთობლივი პროექტია, რომელიც აშშ განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
აღნიშნული პროექტის ორი სეზონი თბილისში, ქართველ ახალგაზრდებს შორის უკვე გაიმართა. ასევე, ჩატარდა "პოლიტიკური თამაშები" სამხრეთ-კავკასიური ფორმატით, რომელშიც მონაწილეობა ქართველების გარდა, სომეხმა და აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმაც მიიღეს.