სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ წმინდა სინოდის სხდომაზე ისაუბრა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, წმინდა სინოდის სხდომაზე მსჯელობა იყო იმ ურთიერთობაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის უნდა ყოფილიყო.
"იქ უნდა გამოთქმულიყო ერთი ექსპერტის აზრი, თუმცა, მღვდელმთავრების აზრი გაიყო, იყო თუ არა საჭირო ამ ადამიანის აზრის მოსმენა. ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა, თუმცა, მოგვიანებით ამ ადამიანებს, რომლებიც არ იყვნენ უმრავლესობის აზრისა, მოღალატეები უწოდეს. ეს ყოვლად დაუშვებელია. მინდა გითხრათ, როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, რომელიც 33 წელია, ღვთის მადლით, ვიმყოფები პატრიარქის ტახტზე - მე არ შემხვედრია მოღალატე სასულიერო პირი, მოღალატე ეპისკოპოსი. ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ და ამისთანა ცოდვა არ აიღოთ საკუთარ თავზე", - ბრძანა პატრიარაქმა.
მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია და წმინდა სინოდი იყო და დარჩება ერთი სხეული, ერთი ძალა.
"ჩვენ ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ ჩვენს სამსახურს. ზოგიერთი ისეთ უპასუხისმგებლო სიტყვებსაც ამბობდა, რომ შეიძლება ეკლესიაში განხეთქილება მოხდეს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ადამიანი, რომელიც ცდილობს მოახდინოს განხეთქილება, მოწამეობრივი სისხლითაც კი ვერ განიწმინდება, რადგან ეს საშინელი ცოდვაა", - აღნიშნა პატრიარქმა.