დღეს, 24 ივლისს, 18:00 საათზე პარლამენტის წინ გაიმართება აქცია "პროტესტი სამარშრუტო ტაქსების გაძვირებას".
ორგანიზატორების განცხადებით, აქციის ძირითადი მიზანია სატრანსპორტო საშუალებებზე უსამართლოდ გაძვირებული ფასების გაპროტესტება და ე.წ. "მარშუტკებზე" მიმდინარე წლის 15 ივლისამდე არსებული ტარიფების დატოვებაა.
"სატრანსპორტო საშუალებებზე მგზავრობის ღირებულების მომატების მიზეზად სამარშრუტო ტაქსის მაღალი ფასი და კომფორტი დასახელდა. ახალ სამრშრუტო ტაქსებზე გაზრდილმა ფასმა მოსახლეობის მხრიდან გაძვირებულ მარშრუტკებით მგზავრობაზე უარის თქმა გამოიწვია, ამიტომ სხვა ხაზებზე მოძრავი ძველი ტაქსების მფლობელებიც აიძულეს, ფასები გაეზარდათ. დღეს ხალხი ერთად უნდა დადგეს და გააპროტესტოს ეს ფაქტი, რადგან თუ არსებული სიტუაცია არ შეიცვალა, არის ინფორმაცია, რომ სექტემბრიდან ავტობუსისა და მეტროს მგზავრობის საფასურსაც გაზრდიან, მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური კი 1 ლარამდე კი გაზარდონ", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელ;ებულ პრეს-რელიზში.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქცია იმართება საზოგადოების და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინიციატივით. ამიტომ აქციაზე მოსული პოლიტიკოსები, კარგი იქნება, თუ პოლიტიკური ქულების დაწერაზე, სიტყვით გამოსვლასა და ჟურნალისტებისთვის კომენტარის მიცემაზე უარს იტყვიან!
"შევიკრიბოთ ყველანი პარლამენტთან სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის უსამართლოდ გაძვირების წინააღმდეგ! და მოვითხოვოთ დარჩეს ყველა სატრანსპორტო საშუალებებზე იგივე ტარიფი რაც აქამდე იყო!
დავდგეთ ერთად და გამოვხატოთ პროტესტი სამარშრუტო ტაქსების უკანონო გაძვირების წინააღმდეგ!
დავიცვათ საკუთარი უფლებები!!!", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.