მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბაზალეთის ტბაზე დასვენება საშიშია.
"რამდენიმე დღის წინ ბაზალეთის ტბაში 36 წლის მამაკაცი დაიხრჩო. ის წყალში ბავშვის გადასარჩენად შევიდა. მყვინთავებმა მამაკაცის ცხედარი 3 დღის შემდეგ იპოვეს. ტბაზე, სადაც ყოველდღიურად 500-ზე მეტი ადამიანი ისვენებს, არც ერთი მაშველი არ მუშაობს", - აცხადებენ საინფორმაციო ცენტრში.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლაშა ჯანაშვილის თქმით, ბაზალეთის ტბის დასასვენებელი კომპლექსი კერძო საკუთრებაშია და სახელმწიფო ვალდებული არ არის კერძო კომპანია სამაშველო სამსახურით უზრუნველყოს.
„მესაკუთრე, რომელიც ველოსიპედს ან კატერს აქირავებს, შემოსავალსაც იღებს და ვალდებულია სამაშველო სამსახურიც ჰყავდეს", - განაცხადა ჯანაშვილმა.
აღნიშნული საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მაშველების არყოფნის გარდა, ბაზალეთის ტბაზე სხვა პრობლემებიც არის, მათ შორის წყალი ჭუჭყიანია, სანაპირო ბალახებით არის დაფარული და ანტისანიტარიაა.