გუშინ, საღამოს გურჯაანის რაონის სოფელ ბაკურციხეში 33 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მამაკაცს მეგობარმა ქალმა შხამი დაალევინა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, გიორგი ჩ-შვილი მაშინ დაიღუპა, როცა ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში გადაჰყავდა.
„გუშინ, საღამოს, ჩემს მეუღლეს ვიღაც ქალი ტელეფონით ხშირად ურეკავდა და მასთან მისვლას სთხოვდა. რა დროს გავიდა გიორგი სახლიდან, ვერ გავიგეთ. როცა დაბრუნდა, მუცლის არეში საშინელი ტკივილები ჰქონდა და უცებ გონი დაკარგა. ამის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოვიძახეთ, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის მეუღლემ.
ქალი, რომელზეც გარდაცვლილის ახლობლებს ეჭვი აქვთ, მომხდარის შემდეგ სოფელში აღარ უნახავთ.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას გურჯაანის პოლიცია აწარმოებს.