იუსტიციის სასწავლო ცენტრში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისთვის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ერთკვირიანი სასწავლო კურსები მიმდინარეობს. სწავლების კურსს ხვალ, 22 ივლისს, 11:00 სთ-ზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე - ერეკლე ღვინიანიძე და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი - ნინო ბერუაშვილი დაესწრებიან.
იუსტიციის სასწავლო ცენტრში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა (აღმასრულებლები, საგადასახადო საქმეთა ოფიცრები, იურიდიული კონსულტანტები) გადამზადების კურსი 18 ივლისიდან დაიწყო. ტრეინინგების მიზანს წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისთვის იმ საკანონმდებლო სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა, რომელიც აღმასრულებლებს პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად ესაჭიროებათ.
ტრეინინგზე მონაწილეები შეისწავლიან პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საჭირო თემატიკას, რის შემდეგაც მათ ჩაუტარდებათ გამოცდა.
გადამზადების კურსი შედგება ისეთი საკითხებისაგან, როგორიცაა აღსრულების კანონმდებლობა, ადმინისტრაციული სამართალი, საგადასახადო კოდექსი და ა.შ. კურსი ინტერაქტიული ხასიათისაა, აღმასრულებლები მონაწილეობას იღებენ დისკუსიებსა და პრაქტიკული მაგალითების განხილვაში.
ტრეინინგი 1 კვირას გრძელდება და მას ეტაპობრივად ყველა აღმასრულებელი გაივლის. სულ ტრეინინგში მონაწილეობას 142 აღმასრულებელი მიიღებს.