ქუთაისის საავიაციო-ტექნიკური ქარხნის ხელმძღვანელობას თანამშრობლების მიმართ დარიცხული სახელფასო დავალიანება ჯერ კიდევ არ დაუფარავს, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად წაქაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ქარხნის ხელმძღვანელობას დავალიანების დაფარვის ვალდებულება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით აქვს დაკისრებული, თუმცა მისი აღსრულება არ ხდება.
"აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არ არსებობს და მის გადაწყვეტილებას ძალა არ აქვს. ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა იმ პირების მხრიდან, ვისაც გავლენა აქვს ხელისუფლებაში. აგრეთვე აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ როდესაც სახელმწიფოს სასარგებლოდ კერძო პირებიდან თანხაა ასაღები, სააღსრულებო ბიურო პირდაპირ ოჯახებში უვარდება ხალხს და ბოლო ლუკმას აცლის", - აცხადებს პარტიის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ "თავისუფალი საქართველო" საწარმოს დაზარარებულ თანამშრომლებს იურიდიულ კონსულტაციას თავად გაუწევს.