პენიტენციურ სისტემაში პროფესიული განათლების დანერგვის ფარგლებში სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაში თბილისის სახელმწიფო, ტექნიკური, აკაკი წერეთლის სახელობის და გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები მსჯავრდებულებს სხვადასხვა პროფესიას მას შემდეგ შეასწავლიან, რაც დაწესებულებებში პროფესიული განათლების კურსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასრულდება.
მსჯავრდებულებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ სხვადასხვა ხელობა, ბუღალტერია, ბიზნესმენეჯმენტი და უცხო ენები.
სწავლების დასრულების შემდეგ მათ გადაეცემათ სერთიფიკატები, რომელსაც სასჯელის მოხდის შემდეგ გამოიყენებენ.
მინისტრის თქმით, მსჯავრდებულებს მიეცემათ შესაძლებლობა პროფესიები სასჯელის მოხდის შემდეგ გამოიყენონ და ეს გახდება შემოსავლის წყარო მათთვის და მათი ოჯახებისთვის.
მშენებლობა ახლო მომავალში დასრულდება რუსთავის მე-16 დაწესებულების ტერიტორიაზე, წლის განმავლობაში კი შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ეტაპობრივად, სასჯელაღსრულების კიდევ 2 დაწესებულებაში აშენდება.