ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს რეგიონებში საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
4-დან 15 ივლისამდე პერიოდში ცესკოს თავმჯდომარე შეხვდა აჭარის (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი, ბათუმი), გურიის (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური) და სამეგრელოს (წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, სენაკი, ზუგდიდი, ხობი, ფოთი) პოლიტიკური პარტიების რაიონული ერთეულების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს.
ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრების მონაწილეებს გააცნო 2010 წლის 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ პერიოდში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, წარუდგინა სტრატეგიული გეგმის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაცია და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების გეგმა.
თითოეული შეხვედრის შემდეგ იმართებოდა დისკუსიები საარჩევნო ადმინსტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ. თავის მხრივ, ცესკოს თავმჯდომარე ზემოაღნიშნული რეგიონების ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლების სხვადასხვა სახის რეკომენდაციებს გაეცნო, რაც ადმინისტრაციას საარჩევნო პროცესების უკეთ დაგეგმვაში დაეხმარება.