კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" ფოტორეპორტიორების საქმეზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას მოითხოვს და საქართველოს მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას სპეციალურ მიმართვას უგზავნის.
"საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კოალიცია "მედია ადვოკატირებისათვის" წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქმე სრულიად საიდუმლო არ არის, გასაიდუმლოებულია მხოლოდ საქმის ნაწილი. ასევე, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი 2011 წლის 15 ივლისის ოფიციალურ სატელევიზიო განცხადებაში ადასტურებს, რომ ფოტორეპორტიორებთან დაკავშირებულ საქმეს სრულად არ ადევს საიდუმლო გრიფი. ამის მიუხედავად, დაკავებულთა ადვოკატების ცნობით, მათ დადებული აქვთ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გაუხმაურებლობის ხელწერილი, ხოლო საქმის მასალები სრულად არის გასაიდუმლოებული. ამ განცხადებებს შორის არსებობს წინააღმდეგობა, რომელიც კიდევ უფრო ზრდის საზაგადოებაში არსებულ გაურკვევლობას...
მოვითხოვთ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქმის მასალები იყოს ღია და ხელმისაწვდომი", - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
ამასთან, "მედია ადვოკატირებისთვის" მურთაზ ზოდელავას, ვანო მერაბიშვილსა და გიგა ბოკერიას იმის თხოვნითაც მიმართავს, რომ შეიცვალოს ადვოკატების მიერ დადებული ხელწერილის პირობები და მათ მიეცეთ შესაძლებლობა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია გაავრცელონ.
მიმართვას ხელს აწერენ კოალიციის წევრი ორგანიზაციები - "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია", არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოებისათვის" , "საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია", "რეგიონული მაუწყებლების ქსელი", "ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია", "მედიაკლუბი" , "საერთაშორისო გამჭვირვალობა", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი", ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი".