სოციალური პროგრამის ფარგლებში სამაგისტრო პროგრამის დაფინანსების მიღება მხოლოდ 50 დევნილ სტუდენტს შეეძლება. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც 2011-2012 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ".
დადგენილების თანახმად, სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს 50 სტუდენტმა, რომელთაც მინიჭებული აქვთ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი და რომლებიც საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის (საერთაშორისო სისხლის სამართალი) დარგზე/სპეციალობაზე და ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი.
ამასთან, მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება, მაგრამ კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ვერ მიიღებს დაფინანსებას სოციალური პროგრამის ფარგლებში.
იმ შემთხვევაში კი, გათვალისწინებულ კატეგორიაში შემავალი სტუდენტების რაოდენობა აღემატება განსაზღვრული ადგილების რაოდენობას, თანხა გაიცემა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მოპოვებული აბსოლუტური ქულის მიხედვით რანჟირებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიაში უმაღლესი ქულების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებზე.
თუმცა, თუ განსაზღვრული ადგილების ფარგლებში სტუდენტებმა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მოპოვებული აბსოლუტური ქულის მიხედვით რანჟირებული დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისთვის საკმარისი არ არის გამოყოფილი ადგილების რაოდენობა, დაფინანსება არ გაიცემა და დარჩენილი თანხა განაწილდება მაგისტრანტობის კანდიდატებზე პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით.