იმ დევნილებს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ და თბილისში სხვადასხვა ობიექტებში უკანონოდ არიან შეჭრილები, სამინისტრო რეგიონებში გარემონტებულ ფართებს საკუთრებაში სთავაზობს, იუწყება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროდან აცნობეს, თბილისში მდებარე 4 შენობაში დევნილები ბოლო 2 წლის მანძილზე შეიჭრნენ და თვითნებურად ცხოვრობენ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ უწყება ფართებს კახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში სთავაზობს.
"მითუმეტეს, რომ ამ დევნილთა დიდი ნაწილი ბოლო 2 წლის განმავლობაში სწორედ სამეგრელოდანაა ჩამოსული. დევნილთა ნაწილი კი სახელმწიფოს მხრიდან ერთხელ უკვე დაკმაყოფილებულია და შესაბამისად, მათი ხელმეორედ დაკმაყოფილება ვერ მოხდება.
ბინების საკუთრებაში გადაცემის პარალელურად, სამინისტრო დევნილებს ადგილზეც ეხმარება. ურიგებს მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ეხმარება მათ დამუშავებაში და ასევე არსებობს სპეციალური პროექტები, რომელიც დევნილებს ხელს უწყობს საკუთარი შემოსავალი ჰქონდეთ", - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.