ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში მდებარე #204-ე ბაგა-ბაღში მცხოვრები დევნილები შენობაში ჩაიკეტნენ და პოლიციას შიგნით შესვლის უფლებას არ აძლევენ.
ბაგა-ბაღის შენობასთან, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ასზე მეტი პოლიციელია მობილიზებული.
ადგილზე მყოფი დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წევრთა განცხადებით, დევნილებმა შენობაში არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი შეუშვეს.
დილიდან რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვი, ცუდად გახდა. მათ შსაბამისი დახმარება ექიმებმა გაუწიეს.
ჯერ-ჯერობით პოლიციას დევნილთა იძულებით გამოსახლებისთვის აქტიური ქმედებები არ დაუწყია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დევნილებმა გამოსახლების შესახებ გაფრთხილების წერილი არ ჩაიბარეს.
ადგილზე მისულმა სამართლადამცველებმა შენობიდან მას შემდეგ დატოვეს, რაც დევნილებმა მათი გამოსახლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მათ სანთლებითა და ხატებით ხელში "მამაო ჩვენო" წაიკითხეს.
დევნილები ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებზე უარს აცხადებენ.