სახალხო დღესასწაული „მეცხვარის დღე" ანუ „თუშეთობა" წელს 30 ივლისს, თუშეთში, სოფელ ზემო ომალოში, კესელოს ციხესთან გაიმართება.
ღონისძიებები 13:00 საათზე დაიწყება. ჩატარდება ყველისა და ხინკლის ფესტივალი, გაიმართება ბაზრობა, გამოვლინდება საუკეთესო ყველის წარმოების ფერმერი, რომელიც „ეკოფუდის" მიერ დაარსებული პრიზით დაჯილდოვდება. ამასთან, კომპანია „ეკოფუდი"და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოწონებულ ნაწარმს რეკლამას გაუკეთებენ.
გაიმართება დოღი. გამარჯვებულებს გადაეცემათ „ჯეოსელის" მიერ დაწესებული საჩუქრები და პრიზები. შედგება შეჯიბრი მშვილდოსნობაში. გაიმართება კავკასიური ნაგაზების გამოფენა.
სპორტული ღონისძიებების პარალელურად ფოლკლორული ანსამბლები გამართავენ კონცერტებს, მოეწყობა თუშურ მოტივებზე შექმნილი მოდების ჩვენება.
სპეციალურ ფაცხებში სტუმრებს საშუალება ექნებათ ნახონ და მონაწილეობა მიიღონ თუშური ცხვრის პარსვაში, თუშური ყველის ამოყვანის პროცესში, ცხვრის დაკვლასა და გატყავებაში. მათ შეეძლებათ დააგემოვნონ თუშური ლუდი, ხინკალი, მწვადი, გუდის ყველი და კახური შოთი.
თუშეთობა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. ღონისძიების საინფორმაციო მხარდაჭერას კახეთის საინფორმაციო ცენტრი უზრუნველყოფს.