დღეს, 15 ივლისს, 12:00 საათიდან 02:30 საათამდემდე, ბორჯომის კულტურის სახლში მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მეთერთმეტე ჯგუფი დადებს ფიცს. ცერემონიალს დაესწრებიან აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი, საქართველოს განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროების, აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მასპინძელი ოჯახები და მშვიდობის კორპუსის თანამშრომლები. ელჩი ბასი და მოწვეული სტუმრები საზეიმოდ აღნიშნავენ მშვიდობის კორპუსის საქართველოში მოღვაწეობის 10 წლისთავსა და ორგანიზაციის დაარსების 50 წლისთავს.
მშვიდობის კორპუსის საქართველოში მოღვაწეობის მეთერთმეტე წელი დაიწყება 42 მოხალისის ფიცის დადებით. მოხალისეებმა წარმატებით დაასრულეს თერთმეტკვირიანი წინასამსახურეობრივი ტრეინინგი ქართულ ენასა და ქართული კულტურის ისტორიაში, რაც მოხალისეებს საქართველოში ადაპტაციას გაუადვილებს. მოხალისეები იმუშავებენ ინგლისურის ენის მასწავლებლებად, აგრეთვე ბიზნესისა და სოციალური განვითარების მრჩევლებად აჭარის, გურიის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და ქვემო-ქართლის რეგიონებში. მოხალისეები აქტიურად ჩაერთვებიან კლასგარეშე აქტივობებში, გაუძღვებიან ქალთა ჯანდაცვის ხელშეწყობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტებს.
აშშ-ის მშვიდობის კორპუსი საქართველოში ამ ქვეყნის მთავრობის თხოვნით მოღვაწეობს. მშვიდობის კორპუსის ამოცანაა კვალიფიციური ადამიანური რესურსების გამოყენებით ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. წელს მშვიდობის კორპუსი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის პრეზიდენტ ჯონ კენედის ინიციატივით 1961 წელს დაარსდა. საქართველოში ათწლიანი მოღვაწეობისას მშვიდობის კორპუსის 380-ზე მეტმა მოხალისემ 46,000 მოსწავლესა და 1,600 მასწავლებელთან ითანამშრომლა. მშვიდობის კორპუსის მცირე პროექტების მხარდასაჭერად 208,073 დოლარი დაიხარჯა. ამ საიუბილეო წელიწადს მშვიდობის კორპუსი პატივს მიაგებს ორგანიზაციის წარსულს და აგრძელებს უმთავრესი ამოცანის შესრულებას: დაამკვიდროს მთელ მსოფლიოში მშვიდობა და ურთიერთგაგება განათლებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით.