ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების, ირაკლი გედენიძის, ზურა ქურციკიძისა და გიორგი აბდალაძის თავდებით გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება. ამის შესახებ „ალია ჰოლდინგის" რედაქტორმა დიმიტრი ტიკარაძემ, პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ჟურნალისტები მათი თავდებით გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. ეს პროცესი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე საზოგადოებაში ხელმოწერების მსურველები იქნებიან.
"ჩვენ თავდებად ვუდგებით მათ, რომ არ დაიმალებიან, გამოძიებასთან ყოველდღიურად ითანამშრომლებენ. ამას ჩვენვე უზრუნველვყოფთ. სააკაშვილს დათმობაზე წასვლა არ უყვარს. ამიტომ, მინიმუმ, იმას მაინც უნდა მივაღწიოთ, რომ ისინი თავდებით გამუშვან. თორემ ნელ-ნელა ჩვენი ჯერიც დადგება", - აღნიშნა დიმიტრი ტიკარაძემ.
ტიკარაძის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტოკორესპონდენტებზე სერიოზული ზეწოლა ხორცილედება. ზურაბ ქურციკიძეზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. გიორგი აბდალაძე კი ციხის უფროსმა დაიბარა და მასზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას შეეცადა.