11-12 ივლისს, ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით მოლაპარაკებების მეექვსე პლენარული სესია გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პროცესის ერთ-ერთ მორიგ სამუშაო შეხვედრას წარმოადგენს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, 11 ივლისს პლენარულ სესიაზე განხილული იქნა შეთანხმების პრეამბულა; ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები და პირველი და მეორე სამუშაო ჯგუფების თემები (პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობა (CFSP); მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება (JFS)), ხოლო 12 ივლისს მხარეებმა მესამე სამუშაო ჯგუფის (ფინანსური, ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობა) საკითხები განიხილეს.
"მხარეებმა შეაჯამეს მოლაპარაკებების პროცესში მიღწეული პროგრესი და დასახეს სამომავლო გეგმები. მოლაპარაკებებმა მხარეების შეფასებით კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა. მეექვსე პლენარულ სესიაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ქართული მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თორნიკე გორდაძე. დელეგაცია დაკომპლექტებული იყო საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებით. ევროპული მხარის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროპული მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ევროპისა და ცენტრალური აზიის მმართველი დირექტორის მოადგილე გუნარ ვიგანდი", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ მომავალი შეთანხმება ჩაანაცვლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას" და ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაღრმავებას და თანამშრომლობას ახალ, ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე. აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მისცემს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას.