თბილისის მერიასა და სავაჭრო ცენტრ "ლილო მოლს" შორის მემორანდუმი გააფორმდა, რომლის თანახმად, "ლილო მოლი" თბილისის მერიასთან აქტიურად ითანამშრომლებს და ვაკანტურ პოზიციებზე კადრებს მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან შეარჩევს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და "ლილო მოლის" დირექტორმა გია კვარაცხელია მოაწერეს ხელი.
"ლილო მოლი" დასაქმების ბაზიდან სამშენებლო და სარემონტო სამუშაოზე სათანადო კვალიფიკაციის მქონე 30 ადამიანს დაასაქმებს.
დასაქმების მსურველთა მონაცემების ბაზა თბილისის მერიაში ერთი წელია არსებობს და მისი დახმარებით ბევრი თბილისელი დასაქმდა. მონაცემთა ბაზა ქალაქის 30 მუნიციპალიტეტში არსებულ მონაცემებს აერთიანებს და მასში დარეგისტრირება ნებისმიერ პირს შეუძლია. ამისათვის დაინტერესებულმა პირმა საცხოვრებელი სახლის მისამართის მიხედვით არსებულ რაიონულ მუნიციპალიტეტს ან გამგეობას უნდა მიაკითხოს და სპეციალური კითხვარი შეავსოს. ბაზაში რეგისტრირდება ასევე ყველა ის პირი, ვინც მერიის ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელ უფასო კურსებს ამთავრებს.
თბილისის მერია აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორში მოქმედ ყველა იმ კომპანიასთან, რომლებიც ახალ სამუშაო ადგილებს ქმნიან. შესაბამისად, მერიაში ყოველდღიურად თავს იყრის ინფორმაცია კომპანიებში არსებული ვაკანსიების შესახებ და შემდეგ მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება.
ლილოს ბაზრობის მმართველმა კომპანიამ 2011 წელს რებრენდინგი განახორციელა და და მას ახალი სახელი - ,,ლილო მოლი" ეწოდა, შეიქმნა ასევე ახალი ლოგო და სლოგანი, გაიხსნა სწრაფი კვების ობიექტი ,,მოლ-ბურგერი" და აღიმართა მონუმენტი.
კომპანიას უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქვს განავითაროს სავაჭრო ცენტრი და აამაღლოს მომსახურების ხარისხი, ადგილზე შექმნას ტურისტული ინფრასტრუქტურა მცირე საოჯახო მოტელების, საგამოფენო პავილიონების, დასვენებისა და გასართობი ობიექტების სახით.
პროექტის ფარგლებში 100 000 კვ.მ. ფართობზე ახალი სარეალიზაციო ობიექტები აშენდება. ახალი სავაჭრო ცენტრი სრული დატვირთვით 2013 წლის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში.