პარლამენტის წინ ჟურნალისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები დაკავებული ფოტოგრაფების საქმეზე გრიფ "საიდუმლოს" მოხსნას ითხოვენ. ასევე ძალაში რჩება შს მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნა.
ჟურნალისტები პლაკატებითა და საყვრებით აპროტესტებენ ფოტოგრაფების დაკავებას. აქციის ერთ-ერთი ლოზუნგია - "სადაც არ არის ფოტო, იქ არ არის დემოკრატია".
შეგახსენებთ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები - ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე დააკავა. გედენიძეს, ქურციკიძესა და აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. მათ სასამართლომ წინასწარი დაპატიმრება შეუფარდა. ნათია გედენიძე კი ათათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაედო.