13 ივლისს, 13:30 საათზე, თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში, აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი სამოქალაქო განათლებისა და მასწავლებელთა მომზადების პროგრამის საზაფხულო ბანაკს ეწვევა. ბასი პროგრამის მონაწილე 75 მოსწავლესა და 10 მასწავლებელს შეხვდება. სამოქალაქო განათლებისა და მასწავლებელთა მომზადების პროგრამა მხარდაჭერილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ. საზაფხულო ბანაკის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მოქალაქეების აქტიურობას სამოქალაქო ცხოვრებაში და მათ მონაწილეობას ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში.
სამოქალაქო განათლებისა და მასწავლებელთა მომზადების პროგრამა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სამწლიანი პროგრამაა, რომელიც 2.69 მილიონი დოლარით ფინანსდება. პროგრამა საქართველოს ცხრა რეგიონის და 479 სკოლაში ხორციელდება. პროგრამა მიზნად ისახავს სკოლებში სამოქალაქო განათლების დონის ამაღლებას. პროგრამის ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებში სამოქალაქო განათლების 100 კლუბი მოქმედებს.
სამოქალაქო განათლებისა და მასწავლებელთა მომზადების პროგრამა 2010 წლის ივლისში დაიწყო. მას შემდეგ გაცემულია 100-ზე მეტი გრანტი მოსწავლეთა და მასწავლებელთა ერთობლივი პროექტების დასაფინანსებლად, აგრეთვე სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა მოსამზადებლად. მასწავლებელთა მომზადების ამ პროგრამას მიღებული აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკრედიტაცია.