"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 26 მაისის შემდეგ საქართველოში სხვა რეალობაა და რეჟიმის მხრიდან ბოლო ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ყველა მოქმედება მოსახლეობის საბოლოო დამონებას და განსხვავებული აზრის ჩახშობას ემსახურება.
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" გმობს ფოტოჟურნალისტების დაპატიმრებასა და მათ საქმეზე გრიფით საიდუმლოს დადების ფაქტს.
"ეს არის პირდაპირი ზეწოლა მედიაზე, ყველაზე, ვინც მეტ-ნაკლებად ობიექტურად ასრულებს ჟურნალისტის პროფესიულ მოვალეობას და მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის პირად ჟურნალისტად მუშაობისა, დაკავებული ფოტოგრაფების პროფესიონალიზმი და ობიექტურობა ერთი წამით არ დამდგარა ეჭქვეშ საზოგადოების მხრიდან", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 მაისს ამ ფოტორეპორტიორებს, სხვა ჟურნალისტებისაგან განსხვავებით, რომელებსაც ხელისუფლებამ სცემა და მუშაობის საშუალებას არ აძლევდა, ჰქონდათ შესაძლებლობა, დარბევის დროს სპეცსამსახურების ხელის შეშლის გარეშე ემუშავათ, ვინაიდან ისინი პრეზიდენტის ფოტორეპორტიორებად ითვლებოდნენ.
"მათ ეს შესაძლებლობა მაღალი პროფესიონალიზმით და სინდისის კარნახით გამოიყენეს და ობიექტურად გააშუქეს 26 მაისის სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაცია. სწორედ მათ მიერ გადაღებულმა ფოტოებმა მიაწოდა მსოფლიოს სიმართლე და ის რეალობა, რომლის დამალვას ყველა ხერხით ცდილობდა ხელისუფლება", - ნათქვამია განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველო" თანადგომას უცხადებს აბსურდული ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტიორებს და მოითხოვს, თუ ეს ადამიანები მართლაც გადასცემდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს საიდუმლო ინფორმაციას, მაშინ დაუყვნებლივ დატოვოს თანამდებობა და აღიძრას საქმე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის და ყველა იმ თანამდებობის პირის მიმართ, რომლებმაც ვერ უზრუნვეყვეს სახელმწიფოსათვის ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვა და რომელზედაც, როგორც გამოძიება აცხადებს, ასე ადვილად მიუწვდებოდათ ხელი პრეზიდენტის ფოტოგრაფებს. იმ შემთხვევაში, თუ არ დაისჯება პასუხისმგებელი უმაღლესი თანამდებობის ყველა ეს პირი მაშინ დაუყონებლივ გაათავისუფლონ დაკავებული ფოტორეპორტიორები.