საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი ოპოზიციას ურჩევს, მათ განმარტებებს ემოციების გარეშე მოუსმინონ. როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე დარჩიაშვილმა აღნიშნა, რელიგიური გაერთიანებებისთვის სტატუსის მონიჭების საკითხზე უმრავლესობის მხრიდან გაკეთებული განმარტებები დაზუსტებული განმარტებითი ბარათის ანალოგიურია და ოპოზიციას რომ ემოციების გარეშე მოესმინა, ამას გაიგებდნენ.
"კარგი იქნებოდა, ჩვენს ზოგიერთ ოპონენტს ემოციის გარეშე მოესმინა, როგორ განვმარტავდით და რა განცხადებებს ვაკეთებდით. ჩვენ მაშინაც ვიძახდით, რომ ეს კანონპროექტი არავითარ ქონებრივ საკითხებს არ არეგულირებს", - აღნიშნა დეპუტატმა.
რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნების საკითხს, დარჩიაშვილის თქმით, ამაში სახელმწიფო მაქსიმალურად მონაწილეობს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რათა ამ ძეგლების ავთენტურობა და ის ღირებულება, რაც ისტორიულად აქვს, არასოდეს არანაირად არ შებღალოს.