"ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის" წევრის, დეპუტატ გურამ ჩახვაძის შეფასებით, რელიგიურ გაერთიანებების საკითხზე რიგი პოლიტიკოსებისა და სამართალმცოდნეების განცხადებები უპასუხისმგებლო და პროვოკაციული იყო. ამის შესახებ გურამ ჩახვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
"თვითონ კანონის არსთან დაკავშირებით არ გვქონია პრობლემა და დღესაც შემიძლია დავადასტურო, რომ ეს კანონი არანაირად არ ხელყოფს ჩვენი ეკლესიის უფლებას. მეორე მხრივ, ეს საშუალებას აძლევს სხვა კონფესიებს, მათ შეიძინონ მხოლოდ იურიდიული პირის სტატუსი", - აღნიშნა ჩახვაძემ.
დეპუტატის თქმით, ედპ-მ კანონპროექტის განხილვის შეჩერებას მხარი საპატრიარქოს მოთხოვნის გამო დაუჭირა, რომ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდებინათ და ამ კუთხით მეტი სიცხადე ყოფილიყო.
"მივიჩნევდით, რომ იყო საშიშროება ამ კანონით რელიგიასთან მიმართებაში სპეკულაციისა, რაც, სამწუხაროდ, გამართლდა კიდეც. რიგმა პოლიტიკოსებმა და სამართალმცოდნეება არასწორად მოახდინეს მისი განმარტება და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს", - აღნიშნა ჩახვაძემ და დასძინა, რომ მსგავსი ნაბიჯები ამ პოლიტიკოსების მხრიდან იყო არა მხოლოდ უპასუხისმგებლო, ასევე პროვოკაციული.