ქრისტიან-დემოკრატები ეკლესიასა და სახელმწოფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების მონიტორინგის კომისიის შექმნას მხარს უჭერენ. ამის შესახებ ქრისტიან დემოკარტების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო სათანადოდ არ ასრულებს კონკორდატით ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც აუცილებელია კომისის შექმნა, რომელიც კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს.
"ქრისტიან-დემოკრატები ვაღიარებთ სახელმწიფოსა და ეკლესიის კავშირს, ფუნქციების აღრევის გარეშე. შეუძლებელია, ერთმანეთს აბსულუტურად დაემთხვეს ეკლესია და სახელმწიფო, მაგრამ აუცილებელია ერთმანეთს დაემთხვეს მათი ეროვნული და სოციალური მიზნები. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და ქართული სახელმწიფო ერთმანეთისგან დამოუკიდებლები უნდა იყვნენ, თუმცა ისინი მხრადამხარ უნდა იცავდნენ სახელმწიფოებრიობას", - აღინშნა თარგამაძემ.
მისი შეფასებით, უკანასკნელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ხელისუფლების მიერ საპატრიარქოს აზრის იგნორირებას შესაძლოა დაერღვია ერთსულოვნება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რისი თავიდან აცილებაც ამჯერად მხოლოდ პატრიარქისა და წმინდა სინოდის ბრძნული გადაწყვეტილებით გახდა შესაძლებელი.
"მართლმადიდებლური ეკლესიის როლი განსაკუთრებულია საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, შესაბამისად, მართლმადიდებლობა საქართველოში ერთ-ერთი რელიგიათაგანი ვერ იქნება და ჩვენი ამოცანაა ამ რელიგიური პრიორიტეტის გაფორმება და მისთვის უფრო მაღალი კონსტიტურციური გარანტიების მინიჭება", - მიაჩნია თარგამაძეს.
მისი შეფასებით, ეკლესიაზე მაღლა არ შეიძლება იდგეს რაიმე სახის პროგრამა, ან დოქტრინა, მაგრამ ქრისტიანული მსოფლმხედველობა შეიძლება იქცეს მორალურ ბაზისად, რომელიც საფუძვლად დაედება ქრისტიანთა და არაქრისტიანთა, ქართველთა და საქართველოში მცხოვრები სხვა ერებისა და კონფესიების ურთიერთობასა და თანაცხოვრებას ერთიან სახელმწიფოში.