აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, აშშ-ს სურს იხილოს საქართველოში დაკავებული ფოტორეპორტიორების გამჭვირვალე სასამართლო პროცესი.
„როგორც იცით, ჩვენ გვჯერა მედიის თავისუფლების. მაგრამ თუ ფაქტობრივად, იქნება მედიის თავისუფლებასთან რაიმე შეუსაბამო ქმედებები, ჩვენ გვსურს, ვიხილოთ გამჭვირვალე და პასუხისმგებლობით ჩატარებული სასამართლო პროცესი", - განაცხადა ნულანდმა.
შეგახსენებთ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები - ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე დააკავა. გედენიძეს, ქურციკიძესა და აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. მათ სასამართლომ წინასწარი დაპატიმრება შეუფარდა. ნათია გედენიძე კი ათათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაედო.