დღეს, 12 ივლისს, 19:00 საათზე, პარლამენტთან დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
როგორც "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს" თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ შსს-სთან გამართულ აქციაზე განაცხადა, აქციაში მონაწილეობას არა მხოლოდ მედიის წარმომადგენლები, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეებიც მიიღებენ
შეგახსენებთ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები - ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე დააკავა. გედენიძეს, ქურციკიძესა და აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. მათ სასამართლომ წინასწარი დაპატიმრება შეუფარდა. ნათია გედენიძე კი ათათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაედო.