წმ.სინოდმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II წმინდანად შერაცხა. როგორც წმ. სინოდის განჩინებაშია ნათქვამი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II აღიარებულ იქნას წმინდანად და ეწოდოს მრავალვნებული ანტონ II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მისი ხსენება დაწესდეს 21 დეკემბერს (ახალი სტილით 3 იანვარი).
"ასევე დაიწეროს წმიდანის ხატი და შეიქმნას შესაბამისი საღვთისმსახურო განგება", - ნათქვამია განჩინებაში.
ანტონ II (ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი) დაიბადა 1764 წლის 8 იანვარს, გარდაიცვალა 1827 წლის 21 დეკემბერს. იგი იყო აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის მეოთხე ვაჟიშვილი მეორე ქორწინებიდან.
1788 წლის 29 ოქტომბერს დაინიშნა მცხეთის მთავარეპისკოპოსად, ქართლისა და კახეთის კათალიკოსის კათედრაზე გარდაცვლილ კათალიკოს პატრიარქის, ანტონ პირველის ნაცვლად.
მოგვიანებით, კათალიკოსი ანტონი ნიჟეგოროდის მიძინების ეკლესიაში მოღვაწეობდა სადაც 1827 წლის 21 დეკემბერს, დილის 10 საათზე, 66 წლის ასაკში მიიცვალა.