დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი ტექნოლოგიების მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკა გახსნა. საავადმყოფო ჰოსპიტალური სექტორის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენდა.
გადაუდებელი საოპერაციო, რეანიმაცია, ნეიროქურურგია და კიდევ დაახლოებით 15 განყოფილება ფუნქციონირებს უკვე მაღალტექნოლოგიურ სამედინიცო ცენტრში. ეს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი საუნივერსიტეტო კლინიკაა. აქ ფუნქციონირებს რადიოაციული ონკოლოგიის დეპატრტამენტი, რომელიც არის უპრეცედენტო ამიერკავკასიაში. კლინიკაში არის დიალიზის 50 აპარატი.
"100 საავადმყოფოს პროგრამა გახდა 160 -170 საავადმყოფოს პროგრამა. ქართველებს ძალიან ნიჭიერი ექიმები გვყავს, მთელ მსოფლიოში არიან მოდებული ქართველი ექიმები. ბევრმა ექიმმა დაიწყო დაბრუნება. რამდენიმე ათეული მილიონი წავიდა ფული მარტო საქართველოდან ბოლო წლებში მხოლოდ უცხოეთში სამკურნალოდ - ეს უნდა დამთავრდეს. საქართველოში ახლა ძალიან ადვილია ყველაფერ იმის გაკეთება, რაც კეთდება ავსტრიაში, ისრაელში - ჩვენი ექიმები ნამდვილად არ არიან ნაკლებად ნიჭიერები", _ განაცხადა სააკაშვილმა საავადმყოფოს გახსნაზე და აღნიშნა, რომ სამედიცინო დაზღვევის სისტემა უნდა იყოს ისეთი, რომ ყველას მიუწვდებოდეს ხელი.
"დიალიზის პაციენტებს მიუწვდებათ ხელი, იმიტომ, რომ სახელმწიფო პროგრამაა, უმწეოთა დაზღვევით მილიონამდე ადამიანია დაზღვეული, რომელთაც ყველაზე კარგი დაზღვევა აქვთ. საქართველოში თუ ღარიბი ხარ, გაქვს ისეთი დაზღვევა, რომ ნამდვილად უფულობის გამო ადამიანი არც მოკვდება და არც დაზარალდება - ეს მიმაჩნია ვარდების რევოლუციის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად. ახლა მთავარია დანარჩენ 4 მილიონს მიუწვდებოდეს ხელი ამ დონის კლინიკებზე და მაშინ ყველაფერი იქნება საუცხოოდ", _ განაცხადა სააკაშვილმა.