საინფორმაციო სააგენტო "GHN"-მა (Geo Hot News) და საერთაშორისო ინფორმაციის სააგენტო "Trend"-მა ინფორმაციის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საინფორმაციო სააგენტო "GHN"-ის გენერალურმა დირექტორმა გოჩა მირცხულავამ და საერთაშორისო ინფორმაციის სააგენტო "Trend"-ის გენერალურმა დირექტორმა ილგარ ჰუსეინოვმა.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები რეგულარულად გაცვლიან ოპერატიულ ინფორმაციას, ასევე ფოტოსურათებს, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ ცხოვრებას ეხება.
საინფორმაციო სააგენტო "GHN"-ს 2005 წლიდან საქართველოს საინფორმაციო სააგენტოების ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია. სააგენტო უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის ობიექტური და სანდო ინფორმაციის მიწოდებას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ მოვლენებზე, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებსა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციაზე. მასალის მრავალმხრივი დამუშავება - სტატიები, ანალიტიკა, კომენტარები, ინტერვიუები მნიშვნელოვნად განასხვავებს სააგენტოს სხვა ანალოგიური კომპანიებისგან. 2008 წლიდან საინფორმაციო სააგენტო "GHN"-ი შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ასამბლეაში საქართველოს წარმოადგენს.
საერთაშორისო ინფორმაციის სააგენტო "Trend"-ი დამოუკიდებელი სააგენტოა, რომელიც 1995 წელს დაარსდა და რომელსაც წამყვანი როლი უკავია სამხრეთ კავკასიასა და კასპიისპირა რეგიონში ახალი ამბების მიწოდებაში. სააგენტო ახალ ამბებს ხუთ ენაზე აქვეყნებს. სააგენტო "Trend"-ი მკითხველს სთავაზობს მაღალი ხარისხის მულტიმედიურ მასალას და ანალიტიკურ სტატიებს, რომლებიც პოლიტიკის სფეროში წამყვანი ანალიტიკოსების მიერაა დაწერილი.